WebLaw
← Back

ბიზნესის ლიკვიდაციის ფარული რისკები - ყველაფერი, რაც ახალი კანონის შესახებ უნდა იცოდეთ

2026-11-18By: ანა ჟორჟოლიანი

ანა, პირველ რიგში, რომ ავუხსნათ მკითხველს, რა შემთხვევებში დგება ხოლმე კომპანიის ლიკვიდაციის აუცილებლობა და რით განსხვავდება ეს პროცესი ჩვეულებრივი გაკოტრებისგან?

პირველ რიგში, მინდა განვასხვავოთ კომპანიის ლიკვიდაცია და კომპანიის გაკოტრება. გაკოტრება იწყება მაშინ, როდესაც კომპანია გადახდისუუნარო ხდება და მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში განხორციელებული სამართლებრივი პროცესები. გაკოტრების მიზანია მოვალის ქონების რეალიზაციის გზით კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესით დაკმაყოფილება, როდესაც კომპანიის ფინანსური მდგომარეობა აღარ იძლევა მისი გადახდისუნარიანობის აღდგენის შესაძლებლობას. გაკოტრების პროცესში მიმართავენ სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. ამის შემდეგ სასამართლო ადგენს კომპანიის ფინანსური მდგომარეობას, განისაზღვრავს კრედიტორთა მოთხოვნებს, იწყება კომპანიის ქონების რეალიზაცია და მიღებული თანხა ნაწილდება კრედიტორებზე კანონით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ყოველთვის გაკოტრებით არ სრულდება. კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ ძირითად რეჟიმს: რეაბილიტაცია - საწარმოს საქმიანობის შენარჩუნებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და  უშუალოდ გაკოტრება-გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის გზით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

რაც შეეხება კომპანიის ლიკვიდაციას, ეს არის კომპანიის საქმიანობის შეწყვეტისა და მისი, როგორც იურიდიული პირის, არსებობის დასრულების სამართლებრივი პროცესი, რაზეც დამფუძნებლები იღებენ გადაწყვეტილებას, რადგან შესაძლოა მათთვის ამ კომპანიის საქმიანობა არ იყოს მომგებიანი. ამას გარდა, კომპანია ლიკვიდირებულ შეიძლება იქნეს სისხლისსამართლებრივი სასჯელის დროსაც. რასაც გვეუბნება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი. ლიკვიდაციის პროცესში ხდება კომპანიის ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, დგინდება კრედიტორთა მოთხოვნები, იფარება კომპანიის ვალდებულებები და თუ ყოველივე ამის შემდეგ კომპანიას დარჩება რაიმე სახის აქტივი - ნაწილდება პარტნიორებს შორის მათივე წილების შესაბამისად. ამის შემდგომ კი სრულდება კომპანიის რეგისტრაციაც მარეგისტრირებელ ორგანოში. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ლიკვიდაცია აუცილებლად არ ნიშნავს გაკოტრებას. კომპანია შეიძლება სრულად გადახდისუნარიანი იყოს, თუმცა პარტნიორებმა მაინც მიიღონ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.

საბოლოოდ კი, რომ შევაჯამოთ, ლიკვიდაცია არის კომპანიის არსებობის შეწყვეტის პროცესი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მაშინაც, როდესაც კომპანია გადახდისუნარიანია. გაკოტრება კი არის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სპეციალური რეჟიმი, რომლის მიზანია კომპანიის ქონების რეალიზაციის გზით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. შესაბამისად, ყველა ლიკვიდაცია არ არის გაკოტრება, თუმცა გაკოტრების რეჟიმის დასრულებას, როგორც წესი, კომპანიის ლიკვიდაცია და რეგისტრაციიდან გაუქმება მოსდევს.

როდესაც ბიზნესის მფლობელი ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას იღებს, რეალურად რა არის მისი პირველი სამართლებრივი ნაბიჯი?

როდესაც დამფუძნებლები კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ, მათი პირველი ნაბიჯია აღნიშნულზე საერთო კრებით გადაწყვეტილების მიღება. ამის შემდეგ, უნდა დაინიშნოს ლიკვიდატორი პირი, რომელიც შესაძლოა იყოს კომპანიის დირექტორი, ან პარნიორთა გადაწყვეტილებით სხვა გარეშე პირი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საერთო კრება უფლებამოსილია ნებისმიერ მომენტში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი სასამართლოს მიერ არის დანიშნული. საერთო კრებით მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის რათა დაიწყოს ლიკვიდაციის პროცესი სარეგისტრაციო ორგანოშიც. მნიშვნელოვანია, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 81-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება არა პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღების, არამედ კომპანიის დაშლის რეგისტრაციის მომენტიდან.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალმა კანონმა ბევრი რამ შეცვალა. ლიკვიდაციის ნაწილში თუ გვაქვს რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ბიზნესმა აუცილებლად უნდა იცოდეს?

ახალი კანონის შედეგად ლიკვიდაციის მარეგულირებელ ნაწილში არსებითი სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა. კანონით თავდაპირველად განსაზღვრული ლიკვიდაციის ძირითადი პროცედურა, ლიკვიდატორის უფლებამოსილებები, კრედიტორთა დაცვის მექანიზმები და ლიკვიდაციის დასრულების წესი ძირითადად უცვლელად შენარჩუნდა. თუმცა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 86-ე მუხლს დაემატა ერთი პუნქტი, რომელიც უკავშირდება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეთა ინტერესების დაცვას კომპანიის ლიკვიდაციის პროცესში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქართველოს საპენსიო ფონდი ლიკვიდაციის პროცესში არ მიიჩნევა კრედიტორად, დაგროვებითი საპენსიო აქტივების მიმართ კრედიტორად მიიჩნევა შესაბამისი საპენსიო სქემის მონაწილე ან მისი მემკვიდრე. ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში კი საპენსიო ფონდი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანებისა და შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან მათი შედარების შედეგად მიღებული ინფორმაციის შესახებ.

ვინ შეიძლება იყოს ლიკვიდატორი, რა ფუნქცია აკისრია მას პროცესში და რა პასუხისმგებლობა აქვს ამ დროს კომპანიის დირექტორს?

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ლიკვიდატორი არის პირი, რომელიც კომპანიის დაშლის შემდეგ ხელმძღვანელობს ლიკვიდაციის პროცესს და პასუხისმგებელია კომპანიის ქონებრივი და სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებაზე. ლიკვიდატორებად ინიშნებიან კომპანიის ხელმძღვანელი პირები (დირექტორი ან დირექტორები), წესდებით ან პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სხვა პირის ან პირების დანიშვნაც. ლიკვიდატორი შესაძლოა სასამართლოს მიერ დანიშნული პირი იყოს, რომლის ცვლილების უფლებაც დამფუძნებლებს არ აქვთ. ასევე, ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება მის პასუხისმგებლობებს, ლიკვიდატორმა უნდა დაასრულოს კომპანიის მიერ დაწყებული საქმიანობა, მოაწესრიგოს არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები და საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს კომპანიის სახელით ნაკისრი ვალდებულებები. ამას გარდა, უნდა დაადგინოს კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება, მოთხოვნები და სხვა აქტივები, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათი რეალიზაცია და მიღებული თანხა გამოიყენოს ვალდებულებების დასაფარად. ლიკვიდატორმა უნდა გამოავლინოს კრედიტორები, უზრუნველყოს მათი ინფორმირება და კანონით დადგენილი წესით დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.

ყველას აინტერესებს ვადები, საშუალოდ რა დრო სჭირდება კომპანიის სრულ გაუქმებას და რა ფაქტორებმა შეიძლება გააჭიანუროს ეს პროცესი?

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით კომპანიის ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის დასრულებისთვის კანონით განსაზღვრული ძირითადი ვადაა არაუგვიანეს 4 თვისა, თუმცა პრაქტიკაში პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, საგადასახადო შემოწმებაზე, კრედიტორების მოთხოვნებსა და სხვა გარემოებებზე. ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს მისი დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ხოლო თუ საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა, ლიკვიდაცია უნდა დასრულდეს საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. მაგრამ ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე, საზოგადოების ფორმასა და კრედიტორების რაოდენობაზე, რის გამოც, პრაქტიკაში ყოველთვის 4 თვეში არ ხდება კომპანიის სრულად ლიკვიდირება რიგი გარემოებების გამო.

როგორ ხდება კრედიტორებთან ანგარიშსწორება და რა ბედი ეწევა კომპანიას, თუ მას ყველა არსებული ვალის დაფარვის ფინანსური რესურსი არ აქვს?

აქ მნიშვნელოვანია ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული სიტუაციის გამიჯვნა. კომპანიის ჩვეულებრივი ლიკვიდაცია, როდესაც მას შეუძლია ვალდებულებების შესრულება, და შემთხვევა, როდესაც კომპანიის ქონება ყველა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. თავდაპირველად ლიკვიდატორის ვალდებულებები კრედიტორებთან ურთიერთობისას რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველ რიგში, ლიკვიდატორი ვალდებულია კომპანიის დაშლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კრედიტორებს და მოიწვიოს ისინი მოთხოვნების წარსადგენად, შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების გზით. ამის შემდეგ, ლიკვიდატორმა უნდა დაადგინოს: ვინ არიან კომპანიის კრედიტორები, რა ოდენობის დავალიანება აქვს კომპანიას, რომელი ვალდებულებებია ვადამოსული, არსებობს თუ არა სადავო ან პირობითი ვალდებულებები. შემდეგ, ლიკვიდატორი ახდენს კომპანიის აქტივების გამოვლენას და საჭიროების შემთხვევაში მათ რეალიზაციას. მიღებული თანხით ხდება კომპანიის ვალდებულებების შესრულება და მხოლოდ ამის შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები და შესრულდება კანონით გათვალისწინებული სხვა პირობები, შესაძლებელია დარჩენილი ქონების პარტნიორებს შორის განაწილება.

ახლა კი რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც კომპანიას ყველა ვალის დასაფარად საკმარისი ქონება არ აქვს. თუ ლიკვიდატორი დაადგენს, რომ კომპანიის აქტივები ვერ უზრუნველყოფს არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებას, მან უნდა შეაფასოს კომპანიის გადახდისუნარიანობა და იმოქმედოს გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შესაბამისად. აქ მოქმედებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. აქვე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში ლიკვიდატორს არ აქვს უფლება უბრალოდ გააგრძელოს ჩვეულებრივი ლიკვიდაცია, გაანაწილოს არსებული თანხა პარტნიორებზე და დაუფარავი ვალები უგულებელყოს. ზოგადად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: 1. რეაბილიტაციის რეჟიმი - რომლის მიზანია საწარმოს საქმიანობის შენარჩუნება და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება და 2. გაკოტრების რეჟიმი - რომელიც გულისხმობს გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციას და მიღებული თანხების კრედიტორებზე კანონით დადგენილი რიგითობით განაწილებას. აქ მნიშვნელოვანია თანხის განაწილება გაკოტრების რეჟიმში: კრედიტორები თანხას არ იღებენ უბრალოდ იმ რიგით, რა რიგითაც მოთხოვნები წარადგინეს. მოქმედებს კანონით განსაზღვრული პრეფერენციული მოთხოვნებისა და დაკმაყოფილების რიგითობის სისტემა.

  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხარჯები;

  • კანონით უპირატესად დაკმაყოფილებული მოთხოვნები;

  • უზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნები;

  • საგადასახადო მოთხოვნები;

  • სხვა აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები;

  • დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები.

შესაბამისად, თუ კომპანიის ქონება ყველა ვალის დასაფარად საკმარისი არ არის, კრედიტორები დაკმაყოფილდებიან კანონით დადგენილი რიგითობისა და შესაბამისი წესების მიხედვით.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს-ის შემთხვევაში კომპანიის ვალდებულებების სრულად დაუფარაობა თავისთავად არ იწვევს პარტნიორებისთვის დარჩენილი დავალიანების პირადად დაკისრებას. პარტნიორთა პირადი პასუხისმგებლობა შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას.

საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციის განუყოფელი ნაწილია. რა მთავარ რისკებს აწყდებიან ხოლმე კომპანიები ამ დროს შემოსავლების სამსახურთან?

კომპანიის საგადასახადო შემოწმებისას ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

დეკლარაციები და გადასახადები სწორად არის თუ არა გაანგარიშებული და გადახდილი მოგების, დღგ-ის, საშემოსავლო და სხვა გადასახადები;

ხელფასები და საპენსიო შენატანები სწორად არის თუ არა დეკლარირებული დასაქმებულთა ანაზღაურება და შესრულებული საგადასახადო და საპენსიო ვალდებულებები;

საქონლის ნაშთები და ინვენტარიზაცია ემთხვევა თუ არა ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული მარაგები ფაქტობრივ ნაშთებს;

·აქტივები და მათი რეალიზაცია როგორ არის აღრიცხული კომპანიის ქონება და რა საგადასახადო შედეგები მოჰყვება მის გაყიდვას ან პარტნიორებისთვის გადაცემას;

კომპანიისა და პარტნიორების ურთიერთობები ხომ არ არსებობს ისეთი ოპერაციები, რომელთა საგადასახადო შედეგები სწორად არ არის ასახული.

აღნიშნულმა გარემოებებმა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების, საურავებისა და ჯარიმების დაკისრება, რაც თავის მხრივ გაართულებს კომპანიის ლიკვიდაციის დასრულებას. ამიტომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ლიკვიდაციის დაწყებამდე საკუთარი საგადასახადო მდგომარეობის წინასწარი შეფასება, ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არსებული ვალდებულებების გამოვლენა.

მას შემდეგ, რაც ყველა ვალი დაიფარება, როგორ ნაწილდება კომპანიის დარჩენილი ქონება ან ფულადი სახსრები პარტნიორებს შორის?

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით თუ წესდებით სხვა წესი არ არის დადგენილი, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება ნაწილდება პარტნიორთა შორის მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ლიკვიდატორი ჯერ ასრულებს კომპანიის ვალდებულებებს, შემდეგ კი დარჩენილ ქონებას პარტნიორებს შორის ანაწილებს მათი წილობრივი უფლებების შესაბამისად, წესდებისა და შენატანების მდგომარეობის გათვალისწინებით. ქონების სრულად განაწილება ლიკვიდაციის დასრულების საფუძველია.

თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ის ყველაზე კრიტიკული შეცდომა, რომელსაც ბიზნესები უშვებენ ლიკვიდაციის დროს და რაც მერე ძვირი უჯდებათ?

ჩემი შეფასებით, ლიკვიდაციის დროს ყველაზე კრიტიკული შეცდომაა პროცესის ნაადრევად დაწყება ან არასწორი თანმიმდევრობით წარმართვა ისე, რომ კომპანიამ სრულად არ შეაფასოს თავისი ვალდებულებები, განსაკუთრებით საგადასახადო და კრედიტორული ვალდებულებები. ბიზნესები ხშირად ყურადღებას ამახვილებენ კომპანიის რეგისტრაციიდან გაუქმებაზე, თუმცა ავიწყდებათ, რომ ლიკვიდაცია მხოლოდ იურიდიული პროცედურა არ არის — ეს არის კომპანიის ყველა აქტივის, ვალდებულებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოო მოწესრიგება. მაგალითად, შეიძლება კომპანიამ პარტნიორებს შორის ნაადრევად გაანაწილოს დარჩენილი თანხა ისე, რომ მოგვიანებით საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდეს დაუფარავი საგადასახადო დავალიანება ან აღმოჩნდეს ისეთი კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული. შედეგად, ლიკვიდაციის პროცესი შეიძლება გართულდეს, წარმოიშვას დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობა და დავები.

საბოლოოდ კი რომ შევაჯამოთ, ყველაზე ძვირი შეცდომა არის ლიკვიდაციის ფორმალურ პროცედურად აღქმა და არა კომპანიის ყველა ვალდებულების სრულად მოწესრიგების პროცესად. სწორად დაგეგმილი ლიკვიდაცია ბიზნესს იცავს როგორც ფინანსური დანაკარგებისგან, ისე შემდგომი სამართლებრივი დავებისგან.

და ბოლოს, რა მთავარ რჩევას მისცემდით მეწარმეებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ გზას, როგორ გახადონ პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულო?

მეწარმეებს ვურჩევდი, ლიკვიდაციის პროცესი დაიწყონ არა კომპანიის დახურვის გადაწყვეტილებით, არამედ წინასწარი დაგეგმვითა და კომპანიის სამართლებრივი, ფინანსური და საგადასახადო მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებით.

ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, ლიკვიდაციის დაწყებისთანავე ჩართონ კვალიფიციური იურისტი და ბუღალტერი, რათა თავიდანვე სწორად განისაზღვროს პროცედურის ეტაპები, გამოვლინდეს ყველა კრედიტორი და მოწესრიგდეს საგადასახადო ვალდებულებები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ:

  • არ დატოვონ უყურადღებოდ არცერთი კრედიტორის მოთხოვნა;

  • წინასწარ შეამოწმონ ხელშეკრულებები, დავალიანებები და მიმდინარე სასამართლო დავები;

  • შეინარჩუნონ სრული ფინანსური და ბუღალტრული დოკუმენტაცია;

  • არ იჩქარონ კომპანიის ქონების პარტნიორებს შორის განაწილება;

  • თუ კომპანია გადახდისუუნაროა, არ სცადონ ჩვეულებრივი ლიკვიდაციით პრობლემის გვერდის ავლა და დროულად გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის პროცედურები.

საბოლოოდ კი, ლიკვიდაცია უნდა დაიგეგმოს ისეთივე პასუხისმგებლობით, როგორითაც ბიზნესი იქმნება. რაც უფრო გამჭვირვალე, ორგანიზებული და კანონთან შესაბამისი იქნება პროცესი, მით ნაკლები იქნება ფინანსური დანაკარგების, სამართლებრივი დავებისა და გაუთვალისწინებელი პრობლემების რისკი.