Logo
WebLaw
← უკან

,,ადვოკატობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული პროფესიაა"

2026-11-02ავტორი: ნათია ცარციძე

ნათია, მოგვიყევით თქვენს პროფესიულ გზაზე, რამ გადაგაწყვეტინათ სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობა და რატომ აირჩიეთ ადვოკატობა?

მოგესალმებით. ჩემთვის ადვოკატობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული პროფესიაა, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლიანობის უზრუნველყოფასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას. სწორედ ეს ღირებულებები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადვოკატობის გზა ავირჩიე.

რაც შეეხება სისხლის სამართლის მიმართულებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გავაკეთე. როდესაც სისხლის სამართლის შესწავლა დავიწყე, უკვე მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ამ სფეროში მინდოდა ჩემი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ხშირად სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე კოლეგები ხუმრობით ვამბობთ, რომ „ელიტური სამართლის“ წარმომადგენლები ვართ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პროფესიული იუმორია, თუმცა ჩემთვის სისხლის სამართალზე საინტერესო სხვა სამართლებრივი სფერო ნამდვილად არ არის. ამ მიმართულებაში განსაკუთრებით მიზიდავს საქმის დინამიკა, თითოეული დეტალის მნიშვნელობა, მტკიცებულებებზე მუშაობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ახლავს თან.

ალბათ, სწორედ ამიტომ არის სისხლის სამართლის პროცესი ჩემთვის ისეთი საინტერესო და ემოციურად დატვირთული. ის პროფესიული ადრენალინი, გამოწვევა და კმაყოფილება, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას ვიღებ, ვფიქრობ, სხვა სფეროში მუშაობისას იმავე ფორმით ვერ მექნებოდა.

 როდის შეუერთდით GG Lawyer Group-ს და რა როლი აქვს დღეს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ამ გუნდს?

GG Lawyer Group-ს ფაქტობრივად ჩემი პროფესიული საქმიანობის დასაწყისშივე შევუერთდი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პროფესიული გზა და ამ გუნდის განვითარება გარკვეულწილად ერთმანეთთან არის დაკავშირებული ჩვენ ერთად ვიზრდებით, ვვითარდებით და ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას ვიღებთ. ამიტომ გუნდის როლი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქ მიღებულმა გამოცდილებამ, კოლეგებთან თანამშრომლობამ და სხვადასხვა, მათ შორის რთულ, საქმეებზე მუშაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემი პროფესიული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

 სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ეტაპზე, როდესაც კლიენტი მას პირველად მიმართავს? რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს თავად კლიენტები?

სისხლის სამართლის საქმეში პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კლიენტისგან საქმის შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღება, ფაქტების სწორად შეფასება და დაცვის სტრატეგიის თავიდანვე სწორად განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობის ჩამოყალიბება.

რაც შეეხება კლიენტების ყველაზე ხშირ შეცდომებს, ხშირად ისინი ცდილობენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას ან მოვლენების მხოლოდ საკუთარი შეფასებით გადმოცემას. ზოგჯერ კი, შიშის ან ემოციური მდგომარეობის გამო, დაუფიქრებლად აძლევენ ინფორმაციას სხვებს ან ხელს აწერენ დოკუმენტებს ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე. ამიტომ ჩემი მთავარი რჩევაა  პირველივე ეტაპიდან ადვოკატთან იყოს მაქსიმალური გულწრფელობა და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებით მიიღონ.

4.      თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე რთული სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობისას? უფრო რთულია სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვა, მტკიცებულებებთან მუშაობა თუ კლიენტთან კომუნიკაცია?

ჩემი გამოცდილებით, სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობისას ყველაზე რთული ერთ კონკრეტულ მიმართულებასთან არ არის დაკავშირებული. სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვა, მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კლიენტთან კომუნიკაცია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებების სწორად შეფასება და მათზე დაყრდნობით ისეთი დაცვის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც კონკრეტული საქმის რეალურ გარემოებებს მაქსიმალურად პასუხობს.

სისხლის სამართლის პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატის მიერ საქმის სტრატეგიის სწორად შერჩევა თავიდანვე? შეიძლება თუ არა პროცესის საწყის ეტაპზე დაშვებულმა შეცდომამ საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს?

საქმის სტრატეგიის სწორად განსაზღვრა სისხლის სამართლის პროცესის საწყის ეტაპზევე ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ნაბიჯები ხშირად განსაზღვრავს საქმის შემდგომ განვითარებას, ამიტომ ადვოკატმა თავიდანვე უნდა შეაფასოს ყველა გარემოება, მტკიცებულება და შესაძლო რისკი. საწყის ეტაპზე დაშვებულმა შეცდომამ, რა თქმა უნდა, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს საქმის საბოლოო შედეგზე, თუმცა პროცესის მიმდინარეობისას სწორი ტაქტიკის შერჩევითა და არსებული შესაძლებლობების გამოყენებით ხშირად შესაძლებელია შეცდომის გამოსწორება ან მისი შედეგების შემცირება.

საზოგადოებაში ხშირად არსებობს მოსაზრება, რომ ადვოკატი მხოლოდ დამნაშავის დაცვას ემსახურება. როგორ ახსნიდით საზოგადოებისთვის სისხლის სამართლის ადვოკატის რეალურ როლს და რატომ არის დაცვის უფლება მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისთვის?

საზოგადოებაში ეს წარმოდგენა ხშირად არსებობს, თუმცა ადვოკატის როლი მხოლოდ „დამნაშავის დაცვა“ არ არის. ადვოკატის მთავარი ფუნქციაა ადამიანის უფლებების დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ სისხლის სამართლის პროცესი კანონისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვით წარიმართოს.

ადვოკატი იცავს კლიენტის კანონიერ ინტერესებს, ამოწმებს მტკიცებულებების კანონიერებას და ცდილობს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მხოლოდ ობიექტურ და სათანადოდ შეფასებულ მტკიცებულებებს დაეფუძნოს. სწორედ ამიტომ არის დაცვის უფლება მნიშვნელოვანი ძლიერი დაცვის უფლება არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს იცავს, არამედ ხელს უწყობს მთლიანად მართლმსაჯულების სამართლიანად და კანონიერად განხორციელებას.

 დღეს სისხლის სამართლის საქმეებში მედიისა და სოციალური ქსელების გავლენაც საკმაოდ დიდია. რა გამოწვევებს ქმნის საქმის საჯარო განხილვა როგორც ადვოკატისთვის, ისე თავად ბრალდებული პირისთვის?

მედიისა და სოციალური ქსელების გავლენა სისხლის სამართლის საქმეებზე დღეს განსაკუთრებით დიდია და ჩემი აზრით, ეს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ბრალდებულის ინტერესებისთვის. ხშირად საზოგადოება საქმის დეტალების გაცნობის გარეშე აკეთებს დასკვნას ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით და არ ელოდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.

ეს პირდაპირ უკავშირდება უდანაშაულობის პრეზუმფციას, პირი დამნაშავედ არ უნდა იქნეს მიჩნეული, ვიდრე მისი დამნაშავეობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა შეფასებამ და მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ არ ჩაანაცვლოს.

,,ადვოკატობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული პროფესიაა"